1897 წლის დასაწყისში ახალგაზრდა სტუნდეტებმა სპორტული ჯგუფის ჩამოყალიბება გადაწყვიტეს და მას “საფეხბურთო კლუბი ცა” უწოდეს, მაგრამ სულ ცოტა ხანში, უთანხმოების ნიადაგზე, “ცა” მოთამაშეთა მნიშვნელოვანმა ჯგუფმა დატოვა. მათ შორის იყო ხულიან პალასიოსიც, რომელიც ყოფილ თანამოაზრეებთან გამიჯნულებს ლიდერობდა. სწორედ ამ ადამიანმა, 50 სხვა წევრთან ერთად, დაარსა “საფეხბურთო კლუბი მადრიდი”. 1902 წლის 6 მარტს “მადრიდის” ბორდის წევრებმა პრეზიდენტად ხუან პადროსი აირჩიეს და კლუბის წესდება შეიმუშავეს. იმავე წლის 18 აპრილს მათ დოკუმენტი ოფიციალურ პირებს წარუდგინეს, 22 აპრილს კი პროვინციის გუბერნატორმა, ხოსე სანჩეს-გერამ, ის ოფიციალურად დაადასტურა.
იმ დროს ფეხბურთი ახალი ხილი იყო, მოთამაშეებს არ ჰქონდათ ნორმალური სათამაშო პირობები, არ ჰქონდათ ხელფასი, ფორმებს გასახდელის არქონის გამო საპირფარეშოებში იცვლიდნენ… მიუხედავად ასეთი სიდუხჭირისა, მადრიდელებმა ბოლომდე გამოამჟღავნეს თავიანთი მებრძოლი სული და შექმნეს ის, რაც დღეს მსოფლიოს XX საუკუნის საუკეთესო კლუბის სახელს ატარებს, ბიუჯეტით, ინფრასტრუქტურით, მიღწევებით თუ მსოფლიოში გულშემატკივრების რაოდენობით – მადრიდის “რეალი”.
პირველი მოედანი, რომელზეც “მადრიდი” თამაშობდა, მარმარილოს ვაჭრის, ესტრადას, სამუშაო ოთახის მეზობლად მდებარეობდა, “ველასკესის” ქუჩაზე, შემდგომში “ლისტასა” და “ნუნიეს დე ბალბოას” ქუჩების გვერდით.
მადრიდის “რეალის” ისტორიაში მეორე მოედანი იყო მიწის ნაკვეთი გამზირზე, სადაც ხართა არენა მდებარეობდა. ნაკვეთის ნაწილს ფლობდნენ მისი უდიდებულესობა დედოფალი, მარია კრისტინა, და ვილადაპიერნას გრაფები. კლუბი ქირის საფასურად ყოვეწლიურად 150 პესეტას (90 ევრო) იხდიდა, მოთამაშეები კი ფორმებს პატარა დუქანში, “ლა ტაურინაში”, იცვლიდნენ.
ალფონსო XIII – ის მეფედ კურთხევის აღსანიშნავად, “საფეხბურთო კლუბმა მადრიდმა” ესპანეთის პირველ ჩემპიონატს ჩაუყარა საფუძველი. ქალაქის მერმა, ალბერტო აგილერამ, და მადრიდის საბჭომ მხარი დაუჭირეს ტურნირის ჩამოყალიბების იდეას და გამარჯვებული გუნდისთვის პრიზად ვერცხლის თასი დააწესეს. გათამაშება მადრიდში გაიმართა, სტუმარი “ვისკაია” იყო.
1902 წლის 13 მაისს ესპანეთის I ჩემპიონატის ნახევარფინალში “მადრიდი” და “ბარსელონა” პირველად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. სასტარტო შემადგენლობაში გამოყვანილი ექვსი ლეგიონერის წყალობით, “ბლაუგრანამ” 3-1 იმარჯვა.
ალფონსო ალბენის ხორდანა გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც “ბარსელონა” “მადრიდის” სანაცვლოდ დატოვა. 1902 წლის 23 მაისს მაშინდელმა გაზეთმა ტრანსფერი შემდეგი სტრიქონებით დაადასტურა: “გავიგეთ, რომ ბატონი ალბენისი, “ბარსელონას” ყოფილი გამორჩეული და ენთუზიაზმით აღსავსე მოთამაშე, “საფეხბურთო კლუბ მადრიდს” შეუერთდა სხვა კოლეგებთან ერთად, რომელთა სახელებიც, სამწუხაროდ, არ გვახსოვს, მაგრამ უახლოეს სტატიებში გაგაცნობთ”.
1902 წელს “მადრიდი” “ელ ესკორიალის” ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად დაპატიჟეს. პროგრამის ნაწილად ითვლებოდა მატჩი “მადრიდსა” და “მონკლოას” შორის. 1902 წლის 11 აგვისტოს მონასტრის სიახლოვეს გამართული შეხვედრა მადრიდელთა გამარჯვებით, 6-5 დამთავრდა. ტრიუმფატორებს ორი კერამიკული თეფში გადასცეს. ეს გახლდათ პირველი ჯილდო კლუბის ისტორიაში.
კარლოს პადროსმა, “მადრიდის” პრეზიდენტმა 1904-08 წლებში, დაარსა ესპანეთის ჩემპიონატი, მადრიდის ჩემპიონატი და მთავარი როლი შეასრულა 1904 წელს “ფიფას” – Fédération Internationale de Football Association – ის ჩამოყალიბებაში.
1905 წლის 18 აპრილს, მადრიდის ჩემპიონატიდან “რეკრეატიონ სან სებასტიანის” გამოთიშვის შემდეგ, “მადრიდი” ფინალში ბილბაოს “ატლეტიკს” დაუპირისპირდა და მანუელ პრასტის გატანილი გოლის წყალობით გაიმარჯვა. ეს იყო პირველი ოფიციალური ტიტული კლუბის ისტორიაში.
შეენარჩუნებინა ჯილდოს ორიგინალი. კლუბმა ტიტული 1908 წელსაც მოიგო, რაც ბრწყინვალედ აგვირგვინებდა ოთხწლიან დომინირებას შიდა ჩემპიონატში.
1909 წლის 4 იანვარს, ესპანეთის საფეხბურთო კლუბების დელეგატთა შეხვედრის შედეგად, დაარსდა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია. მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ადოლფო მელენდესმა, ხელი მოაწერა ორგანიზაციის შექმნის დოკუმენტს მას შემდეგ, რაც შეხვედრაზე მყოფმა ყველა პიროვნებამ იგი დაასახელა ფედერაციის მდივნად. 1909 წლის 11 ნოემბერს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალურად დარეგისტრირდა მადრიდის სამოქალაქო მთავრობაში.
1910 წელს “მადრიდმა” მიატოვა პრიმიტიული მოედანი ხართა არენის გამზირზე და ო’დონელის სტადიონზე გადაბარგდა, რომელიც ნარვაესის, ო’დონელის, დუკ დე სესტოსა და ფერნან გონსალესის ქუჩებს შორის მდებარეობდა. კლუბი ყოველთვიურად 1000 პესეტას იხდიდა (ექვს ევროს). მოედანი სიგრძეში 115 მეტრი იყო, სიგანეში კი – 85. ორი წლის შემდეგ, 1912 – ში, “მადრიდმა” მის გარშემო მესერი აღმართა.
მეოცე საუკუნის დასაწყისში “მადრიდს” შეუერთდნენ ანტონიო, მარსელო და სანტიაგო ბერნაბეუები, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს კლუბის ისტორიაში. ანტონიოს ორგანიზაციული ნიჭი ჰქონდა: მან დააარსა “ბოლონია” და შემდგომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეიზიდენტი გახდა; მარსელო დიდებული მოთამაშე იყო; სანტიაგო კი “ბლანკოსისთvის” ყველაფერი გახლდათ: ფეხბურთელი, დელეგატი, დირექტორი, მდივანი და პრეზიდენტი.
სანტიაგო ბერნაბეუს დებიუტი 1912 წლის 3 მარტს, 16 წლის ასაკში შედგა. “მადრიდი” “ინგლიშ სფორთს ქლაბს” დაუპირისპირდა და 2-1 მოიგო. გამარჯვების გოლი მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე მოთამაშე ბერნაბეუმ გაიტანა.
1912 წლის 31 ოქტომბერს კლუბმა ო’დონელის არენა წარადგინა. ინაუგურაციის აღსანიშნავად გამართული მატჩი ირანის “სპორტინგის” წინააღმდეგ ფრედ დასრულდა. ამავე პერიოდში “მადრიდმა” რეგიონალური ჩემპიონატის 18 გამოშვებიდან 12 – ში იზეიმა ტრიუმფი.
ესპანეთის თასის 1916 წლის ნახევარფინალი, რომელშიც ერთმანეთს “მადრიდი” და “ბარსელონა” დაუპირისპირდნენ, ოქროს ასოებით ჩაიწერა ქვეყნის საფეხბურთო ისტორიაში. მაშინ შინ და სტუმრად გატანილ გოლებს მნიშვნელობა არ ენიჭებოდა, ამიტომ გუნდებს მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობის გასარკვევად ოთხი მატჩის გამართვა დასჭირდათ. პირველ შეხვედრაში “ბლაუგრანამ” 2-1 იმარჯვა, მეორე “ბლანკოსმა” მოიგო, 4-1. მესამე მატჩი ფრედ, 4-4 დამთავრდა, დამატებითი დროის ამოწურვის შემდეგ კი ანგარიში 6-6 იყო. საბოლოოდ, “მადრიდმა” მეოთხე შეხვედრაში 4-2 სძლია მეტოქეს და ფინალის საგზური მოიპოვა.
უთანხმოება “ბლანკოსსა” და “ბარსელონას” შორის პირველად სწორედ ამ ნახევარფინალური დაპირისპირების მეოთხე მატჩის შემდეგ დაიწყო. კატალონიელებმა შეხვედრისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვამდე 7 წუთით ადრე დატოვეს მინდორი, რადგან თვლიდნენ, რომ “მადრიდის” მიერ გატანილი მეოთხე გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო უნდა გაუქმებულიყო. თასის ფინალში კი, რომელიც ბარსელონაში გაიმართა, გასახდელისკენ მიმავალი მადრიდელი მოთამაშეების დაცვა ესპანეთის სამოქალაქო გვარდიას მოუხდა. შემდგომ ავტობუსს, რომელსაც ფებურთელები სასტუმროში გადაჰყავდა, ქვები დაუშინეს. კლუბებს შორის ურთიერთობა დაიძაბა.
1920 წლის 29 ივნისს “მადრიდმა” მიიღო ჯილდო მისი უდიდებულესობა ალფონსო XIII – საგან, რომელმაც კლუბს უბოძა ტიტული “სამეფო”, ეს კი ესპანურად ჟღერს, როგორც “რეალ”. მხოლოდ ამ დღის შემდგომ იწოდება “ბლანკოსი” “რეალ მადრიდად”, მანამდე მისი სახელი იყო “საფეხბურთო კლუბი მადრიდი”.
მადრიდის “რეალი” გახლდათ პირველი კლუბი მთელი საფეხბურთო სამყაროს მასშტაბით, რომლის მოთამაშეებიც მწუხარების ნიშნად მოედანზე შავი სამკლავურებით გამოვიდნენ. ეს მოხდა 1922 წლის 5 მარტს, თანაქალაქელ “ატლეტიკოსთან” მატჩის დროს. გლოვის მიზეზი მადრიდისტა სოტერო არანგურენისა და ბილბაოს “ატლეტიკის” ფეხბურთელის, რაფაელ მორენოს, გარდაცვალება გახლდათ.
1924 წელს საფუძველი ჩაეყარა “ჩამარტინის” მშენებლობას. მისი ინაუგურაცია 1924 წლის 17 მაისს შედგა, “ნიუკასლ იუნაიტედის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში. მასპინძლებმა შეხვედრა 3-2 მოიგეს. 1947 წელს “სანტიაგო ბერნაბეუ” ამ არენის ნანგრევებზე აშენდა.
“ატლეტიკოსა” და “რეალს” შორის პირველი დერბი 1929 წლის 21 თებერვალს გაიმართა. “მადრიდმა” 2-1 იმარჯვა.
პირველი ყველაზე ხმაურიანი და ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი “რეალმა” გაჩარხა 1930 წელს, როდესაც იმ დროისთვის ასტრონომიულ თანხად, 150 000 პესეტად (900 ევრო) “ესპანიოლიდან” გადაიბირა ლეგენდარული მეკარე, რიკარდო სამორა.
1931 წლის 14 აპრილს, ესპანეთის რესპუბლიკის შექმნისას, “რეალი” გამოემშვიდობა წოდებას “სამეფო”, გვირგვინი გაქრა კლუბის ემბლემიდანაც. მას შემდეგ “ბლანკოსი” კვლავ ცნობილი იყო, როგორც “საფეხბურთო კლუბი მადრიდი”.
კლუბმა ესპანეთის ჩემპიონატი პირველად 1931/32 სეზონში მოიგო, მას შემდეგ, რაც ფრედ ითამაშა კატალონიაში, “ბარსელონას” წინააღმდეგ. მომდევნო წელს გამარჯვებული კვლავ “მადრიდი” გახდა.
1936 წლის 21 ივნისს “მადრიდსა” და “ბარსელონას” შორის გაიმართა ესპანეთის სამეფო თასის პირველი ფინალი. მაშინ, როდესაც ანგარიში 2-1 იყო დედაქალაქელთა საარგებლოდ, რიკარდო სამორამ დიდებულ ნახტომში მოიგერია კატალონიელების დარტყმა, რის შედეგადაც “ბლანკოსმა” ძირითად დროშივე მოიპოვა ტიტული.
ომის დროს “მადრიდი” უშედეგოდ ცდილობდა თავის გადარჩენას: კლუბს ერთმანეთის მიყოლებით ჩაუვარდა ევროპული ტურნესა და ჯერ ვალენსიის, შემდეგ კი კატალონიის ჩემპიონატებში გამოსვლის გეგმები. კატალონიის ჩემპიონატი 1936 წლის 4 ოქტომბერს დაარსდა. მასში მონაწილეობდნენ “ბარსელონა”, “ესპანიოლი”, “საბადელა”, “ჟირონა”, “გრანოლიერსი” და “ბადალონა”. კლუბებმა თანხმობა განაცხადეს “მადრიდის” ტურნირში ჩართვაზე, მაგრამ “ბლაუგრანამ” “ბლანკოსს” ვეტო დაადო და მოუსპო ჩემპიონატში გამოსვლის შესაძლებლობა.
1941 წლის 1 იანვარს კლუბმა დაიბრუნა ტიტული “სამეფო” და “საფეხბურთო კლუბი მადრიდი” კვლავ გადაკეთდა საფეხბურთო კლუბ “რეალ მადრიდად”.
1943 წელს, ესპანეთის სამეფო თასის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში, “რეალმა” მოიპოვა ისტორიული გამარჯვება “ბარსელონას” წინააღმდეგ, ანგარიშით 11-1. გოლების ავტორები: პრუდენი – 4, ბარინაგა – 3, ალონსო – 2, ალსუა – 1, ბოტელა -1. “ბლაუგრანას” მხრიდან ერთადერთი ბურთი მარტინმა გაიტანა.
1943 წლის 15 სექტემბერს კლუბის პრეზიდენტი გახდა სანტიაგო ბერნაბეუ. იმავე წელს “მადრიდმა” ახალი სტადიონის აშენება გადაწყვიტა. “ჩამარტინზე” ჩასატარებელი სამუშაოს ღირებულება 37 მილიონ პესეტას აღწევდა (222 375 ევრო).
1947 წლის 23 ნოემბერს, მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ სტადიონ “მეტროპოლიტენზე”, “რეალი” გახდა პირველი ესპანური გუნდი, რომელიც სათამაშოდ დანომრილი ფორმებით გამოვიდა. ეს იდეა ეკუთვნოდა პაბლო ერნანდეს კორონადოს. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მოიწონა სიახლე და იგი სავალდებულო გახდა 1948 წლიდან. ამ წესის თანახმად, ყველა გუნდს უნდა დაენომრა თავისი ფორმები 2 – დან 11 – მდე. ეს იყო კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც “რეალმა” სიახლე შეიტანა ესპანურ ფეხბურთში.
1947 წლის 14 დეკემბერს შედგა “ახალი ჩამარტინის” გახსნა. “რეალი” პორტუგალიურ “ბელენენსეშს” დაუპირისპირდა და მეტოქე 3-1 დაამარცხა. პირველი, ვინც “ახალ ჩამარტინზე” (ახლანდელი “სანტიაგო ბერნაბეუ”) თავის გამოჩენა შეძლო, საბინო ბარინაგა გახლდათ.
ალფრედო დი სტეფანო სანტიაგო ბერნაბეუს 1952 წლის მარტში შეხვდა, “რეალის” იუბილის დროს. მისი “ბლანკოსში” ტრანსფერის ისტორია კი ნამდვილი “საპნის ოპერა” იყო.
“რეალის” ფეხბურთელი, ხოაკინ ნავარო – ცნობილი მცველი, გახდა პირველი ესპანელი ფეხბურთელი, რომელმაც ითამაშა “ფიფას” მიერ შედგენილ ევროპის ნაკრებში, “უემბლიზე”, ინგლისის ფეხბურთის ფედერაციის 90 წლის იუბილის აღსანიშნავ მატჩში.
1955 წლის 4 იანვარს გენერალური ასამბლეის წევრებმა წამოაყენეს წინადადება, “ჩამარტინისათვის” შეეცვალათ სახელწოდება და მისთვის “სანტიაგო ბერნაბეუ” დაერქმიათ. წინადადება ერთხმად მიიღეს. პრეზიდენტი დათანხმდა, რადგან ეს კლუბის წევრთა ნება იყო.
სანტიაგო ბერნაბეუ გახლდათ ერთ-ერთი მათგანი, ვინც აქტიურად უჭერდა მხარს საერთაშორისო ტურნირის ჩამოყალიბებას, რომელიც დღეს “ჩემპიონთა ლიგის” სახელწოდებითაა ცნობილი. 1955 წლის 2 აპრილს ევროპის პრესტიჟული კლუბების წარმომადგენლები პარიზში შეიკრიბნენ და ახალ ტურნირს ჩაუყარეს საფუძველი.
1957 და 1959 წლებში ალფრედო დი სტეფანომ ორჯერ მოიპოვა “ოქროს ბურთი”. 1956-1960 წლებში “მადრიდი” ზედიზედ ხუთჯერ დაეუფლა “ევროპის თასს”. 1960 წლის 4 სექტემბერს კლუბმა საკონტინენტთაშორისო თასიც მოიგო.
მადრიდის “რეალი” “ჩემპიონთა თასიდან” პირველად 1960 წლის ნოემბერში, “ბარსელონასთან” დაპირისპირების შემდეგ გამოვარდა. კატალონიელების გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშეს ინგლისელმა არბიტრებმა, ელისმა და ლიფმა. ელისი უძღვებოდა პირველ მატჩს “სანტიაგო ბერნაბეუზე”. მან დანიშნა უსამართლო თერთმეტმეტრიანი “რეალის” კარში, შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა. “კამპ ნოუზე” კი ლიფმა არ ჩათვალა “ბლანკოსის” მიერ გატანილი 4 გოლი. “ბარსელონამ” 2-1 იმარჯვა. საერთაშორისო პრესამ კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა ორივე არბიტრი. ასევე პრესაში გაჩნდა ტერმინი “მადრიციდი” (სუიციდი).
მადრიდის “რეალი” არის ერთადერთი გუნდი, რომელმაც ორჯერ მოიგო ზედიზედ 5 “ლა ლიგა”. პირველად ეს მოხდა 1960/1961 – 1964/1965 წლებში, მეორედ კი – 1985/1986 -1989/1990 წლებში. არცერთ სხვა ესპანურ გუნდს მსგავსი შედეგი განმეორებულიც კი არ აქვს.
ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი ღამე “სანტიაგო ბერნაბეუზე” იყო 1975 წლის 5 ნოემბერი. “რეალს” პირველი მატჩი წაგებული ჰქონდა “დერბი ქაუნთთან”, ანგარიშით 4-1. “ჩემპიონთა ლიგის” მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში სამეფო კლუბმა ძირითადი დრო 4-1 მოიგო, დამატებით დროში კი სანტილიანამ გამარჯვების გოლი გაიტანა. ეს გახლდათ მადრიდელთა დაბრუნების დასაწყისი.
1978 წლის 2 ივნისს გარდაიცვალა დონ სანტიაგო ბერნაბეუ, რომელსაც გარდაცვალების დღემდე 35 წლის განმავლობაში ეკავა სამეფო კლუბის პრეზიდენტის პოსტი. მადრიდის “რეალს” უსამძიმრებდა მთელი საფეხბურთო სამყარო. ამ დროს არგენტინაში მიმდინარობდა მსოფლიო ჩემპიონატი, მაგრამ ბერნაბეუს გარდაცვალებით გამოწვეული მწუხარება იმდენად დიდი იყო, რომ “ფიფამ” სამი დღით შეაჩერა ტურნირი და ყოველი მატჩი ამ მართლაც უდიდესი ადამიანის, პრეზიდენტობის ეტალონის, განუმეორებელი მიღწევებისა და შესაძლებლობების მქონე ლეგენდის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით იწყებოდა – ეს შემთხვევა ახლაც ერთადერთია მსოფლიოს საფეხბურთო ისტორიაში და ანალოგი არ გააჩნია..
1980 წლის 4 ივნისს “სანტიაგო ბერნაბეუზე” შედგა ყველაზე “თეთრი” ესპანეთის თასის ფინალი. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ “მადრიდის რეალი” და “რეალ მადრიდ კასტილია”. “კასტილია”, ანუ “ბლანკოსის” მეორე გუნდი, 1972 წლის 21 ივლისს შეიქმნა. მან ფინალამდე დაამარცხა “ერკულესი”, ბილბაოს “ატლეტიკი”, “რეალ სოსიედადი” და ხიხონის “სპორტინგი”. მადრიდის “რეალმა” ახალგაზრდები ფინალში 6-1 გაანადგურა.
1984 წლის 12 დეკემბერს ემილიო ბუტრაგენიომ დიდებული თამაში ჩაატარა ბელგიური “ანდერლეხტის” წინააღმდეგ. ბელგიელებს პირველი მატჩი 3-0 ჰქონდათ მოგებული და თავი უკვე “უეფას თასის” მომდევნო ეტაპზე გასული ეგონათ, მაგრამ ბუტრაგენიომ მათი ყველა ოცნება დაამსხვრია. ემილიომ 3 – ჯერ აიღო “ანდერლეხტის” კარი, 2 – ჯერ ვალდანომ და 1 – ხელ სანჩისმა. საბოლოო ანგარიში - 6-1.
“კუინტა დელ ბუიტრესა” და “ხუთი მაჩოს” ეპოქაში მადრიდის “რეალმა” მეორედ მოახერხა “ლა ლიგის” ზედიზედ ხუთჯერ მოგება და დაამყარა ახალი რეკორდი – 38 მატჩში გატანილი 107 გოლი. ეს ემილიო ბუტრაგენიოსა და უგო სანჩესის ერა იყო.
“სანტიაგო ბერნაბეუს” რეკონსტრუქცია დაიწყო 1992 წლის 7 თებერვალს და დამთავრდა 1994 წლის 7 მაისს. დაიხარჯა 20 მილიონი ევრო.
2000 წლის 16 ივლისს ფლორენტინო პერესმა საპრეზიდენტო არჩევნებში ლორენსო სანსი დაამარცხა. “გალაქტიკოსის” ერა დაიწყო. სულ მალე კლუბში თავი მოიყარეს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშეებმა: ლუიშ ფიგუმ, რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმამ, ზინედინ ზიდანმა, ფერნანდო იერომ, რაულ გონსალეს ბლანკომ, რობერტო კარლოსმა, იკერ კასილასმა და სხვებმა.
2000 წლის 11 დეკემბერს, “ფიფას ასამბლეის” დროს, ფლორენტინო პერესმა და “მადრიდის” საპატიო პრეზიდენტმა, ალფრედო დი სტეფანომ, მიიღეს პრიზი, რომლითაც “ფიფა” აჯილდოვებდა “რეალს”, როგორც მე – 20 საუკუნის საუკეთესო კლუბს.
მადრიდის “რეალის” ასი წლის აღსანიშნავ იუბილეზე კლუბის საბჭომ მის უდიდებულესობა ესპანეთის მეფეს “ბლანკოსის” საპატიო პრეზიდენტობა შესთავაზა. მონარქმა წინადადება მიიღო.
“რეალის” 100 წლის იუბილემ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. სპორტული მიღწევებიდან გამოსარჩევია მე – 9 “ჩემპიონთა თასი”, რომელიც “ბლანკოსმა” გლაზგოში “ბაიერ ლევერკუზენის” დამარცხებით (2-1) მოიპოვა, პირველი ევროპის სუპერთასი – “ფეინოორდის” (2-1), მესამე საკონტინეტთაშორისო თასი – “ოლიმპიას” (2-0). ასეთ 100 წლის იუბილეზე ოცნებაც კი არ შეიძლებოდა.
2006 წლის 27 თებერვალს გადამდგარი ფლორენტინო პერესი 2009 წლის 1 ივნისს დაბრუნდა და საფუძველი ჩაუყარა “ნეო-გალაქტიკოსს”. მადრიდის “რეალში” ისევ მოიყარეს თავი თანამედროვეობის გამორჩეულმა მოთამაშეებმა. ახალი ერა დაიწყო...